ვინ ვართ ჩვენ?

საჰაერო მოძრაობის მართვა საქართველოს საჰაერო სივრცეში ხორციელდება შ.პ.ს. “საქაერონავიგაციის“ მიერ, რომლის უმთავრესი მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში და თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და მესტიის აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონაში საჰაერო მოძრაობის მომსახურება და ფრენის უსაფრთხოების დაცვა.

 

რას ვსაქმიანობთ?

„საქაერონავიგაციის“ ძირითადი ფუნქციებია:

•    საჰაერო ხომალდების მოძრაობის მართვა;

•    რადიოტექნიკური, კავშირგაბმულობისა და შუქტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფა;

•    მეტეოროლოგიური მომსახურება;

•    საავიაციო საინფორმაციო მომსახურება.

 

რა არის ჩვენი მისია?

საქაერონავიგაციის მისიაა საქართველოს საჰაერო სივრცეში უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფა მსოფლიო საჰაერო ტრანსპორტის დინამიური განვითარების პირობებში. საქაერონავიგაციის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პროცესში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების გამომწვევი რისკ-ფაქტორების შემცირება.

 

ისტორია

„საქაერონავიგაცია“, როგორც შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება 1999 წელს დაარსდა. მიღებულმა დამოუკიდებლობამ და თვითდაფინანსების პრინციპზე გადასვლამ კომპანიას სწრაფი განვითარების საშუალება მისცა.განხორციელდა მაშტაბური ტექნიკური გადაიარაღება, თანამედროვე სისტემებზე გადასვლა და კადრების გადამზადება, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით. შედეგად, საქართველოს საჰაერო სივრცე ევრაზიის საჰაერო დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა და საჰაერო ხომალდების ნაკადმაც საგრძნობლად მოიმატა.

 

EUROCONTROL 

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია (EUROCONTROL)  მთავრობათაშორის სამოქალაქო-სამხედრო ორგანიზაიცას წარმოადგენს, რომელიც, პარტნიორებთნ ერთად,  ორიენტირებულია ერთიანი ევროპის ცის დანერგვაზე, რაც ხელს შეუწყობს ოცდამეერთე საუკუნისა და შემდგომი პერიოდისთვის აუცილებელ საჰაერო მოძრაობის მართვის განხორციელებას.

EUROCONTROL უზრუნველყოფს რიგ მომსახურებებს საავიაციო საზოგადოების მიმართ, რაც ითვალისწინებს:

  • ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვის (ATM) პროგრამების სისრულეში მოყვანის განვითარებასა და კოორდინირებას;
  • საჰაერო მიმოსვლისა და სიმძლავრის მართვას;
  • საჰაერო ნავიგაციის საზღაურების მოგროვებას (CRCO);
  • საჰაერო სივრცის რეგიონალურ დონეზე კონტროლს;
  • ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვის (ATM) ახალი ტექნოლოგიებისა და პროცედურების დანერგვას;
  • საჰაერო მოძრაობის მართვასთან დაკავშირებულ სწავლებას.

საქართველო EUROCONTROL-ის მე-40 წევრი ქვეყანა 2014 წლის 1 იანვრიდან გახდა. 

 

პროფესიონალიზმი

საქაერონავიგაცია მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიონალიზმზე. კომპანიაში დღეისათვის 100-ზე მეტი ავიამეთვალყურე მუშაობს, მათ შორის მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელთაც საქართველოსა და რიგაში გაიარეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სწავლება და შედარებით ახალი თაობა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში, ENAC-ის უნივერსიტეტში დაეუფლა პროფესიას. ყველა ავიამეთვალყურე საქაერონავიგაციაში პროფესიონალია და შესაბამის ლიცენზიას ფლობს.

გარდა ამისა, ავიამეთვალყურეები ყოველწლიურად გადიან სავალდებულო სწავლებას საჰაერო ნავიგაციისა და სააერნაოსნო უსაფრთხოების სასწავლებელში (SENASA), მადრიდში.  საავარიო სიტუაციების მართვის ტრენინგის ფარგლებში ავიამეთვალყურეები 3D განზომილების, 360 გრადუსიან სიმულატორთან მუშაობენ. აღნიშნულ სასწავლებელში საქაერონავიგაციაში დასაქმებული ყველა მოქმედი ავიამეთვალყურე ეტაპობრივად გადის სწავლებას წელიწადში 5 კვირის განმავლობაში.

პერიოდულ გადამზადებას გადიან ინჟინრები და ტექნიკოსებიც, რათა შესძლონ ევროპული სტანდარტების შესაბამის სისტემებზე თავისუფალი მუშაობა და მათი ექსპლუატაცია.

რიგაში გადიან სწავლებას სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ბრიფინგ ოფიცრები, ხოლო მომავალ სინოპტიკოსთა მომზადება ინგლისში, UK Met Office-ში.

პროფესიონალიზმი საქაერონავიგაციის უმთავრეს პრიორტიტეტს წარმოადგენს.

 

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon