26 სექტემბერი 2017
ფრენების გაზრდილი რაოდენობა შპს „საქაერონავიგაციას“ ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს

საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის ნაკადების ზრდამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“. საჭირო გახდა, არა მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი თანამშრომლების დამატება, არამედ საჰაერო სივრცის დიზაინის გადახედვა და არსებული სტრუქტურის რეკონფიგურაციის შესაძლებლობების მოძიება.

დღეისათვის არსებული საჰაერო სივრცის სტრუქტურა წარმოდგენილია ორ სექტორად. მოთხოვნილი ფრენების რაოდენობა საქართველოს საჰაერო სივრცეში მკვეთრად იზრდება, რაც თავის მხრივ ქმნის გამტარუნარიანობის ზრდის აუცილებლობას.  

შპს „საქაერონავიგაციის“ მოთხოვნის საფუძველზე, ევროკონტროლის საჰაერო სივრცის დიზაინის სპეციალისტების მიერ, საქართველოს საჰაერო სივრცის დიზაინის რეკონფიგურაციის შესაძლებლობების კვლევა განხორციელდა. აღნიშნული კვლევიდან გამომდინარე, ევროკონტროლის სპეციალისტებმა, ტიჰომირ ტოდოროვმა და რომან კუშნაროვმა კომპანიის მენეჯმენტს შესაძლებელი კონფიგურაციები წარუდგინეს, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს, როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ სექტორების ვერტიკალურ გაყოფას ზედა და ქვედა მოდელით, ასევე ერთ, ზედა სექტორად გარდაქმნას და ორ აღმოსავლეთ და დასავლეთ სექტორად გაყოფას. პრეზენტაციას საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი ესწრებოდა.

ევროპელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებული სცენარის განხორციელება შპს „საქაერონავიგაციას“ საშუალებას მისცემს, მომზადებული შეხვდეს საჰაერო მოძრაობის ნაკადების ზრდას. აღსანიშნია, რომ  მომდევნო წლებში, ევროკონტროლის ნაკადების მონიტორინგის განყოფილების 7 წლიანი პროგნოზის მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 34%-ით გაიზრდება.  ევროკონტროლის მიერ, საკუთარი რესურსებით მომზადებული რეკონფიგურაციის სცენარის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო და ეფექტურ მართვას. 

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon