19 სექტემბერი 2019
IATA თბილისში რეგიონალური სასწავლო ცენტრის გახსნას გეგმავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” მოწვევით, საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტრეინინგ ცენტრის ტოპ-მენეჯმენტი იმყოფება.

იანივ სორანი და ვირონ ლუპასისი გაეცნენ შპს „საქაერონავიგაციაში“ დანერგილ სასწავლო პროცესს, ეწვივნენ სასწავლო ცენტრს, რომელიც აღჭურვილია INDRA-ს საჰაერო მოძრაობის მართვის თანამედროვე 3D სიმულატორით. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონალური თანამშრომლობის შესაძლებლობა და დაგეგმეს მომავალი ერთობლივი პროექტები.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალი რეგიონალური თანამშრომლობის ფარგლებში, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის სასწავლო ცენტრი საქართველოს საავიაციო ბაზრის სექტორულ ანალიზს მოამზადებს. კვლევის მიხედვით, შეფასდება საქაერონავიგაციის სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, სავიზო პოლიტიკა, კონკურენტუნარიანობა და ტარიფები, დარგში დასაქმებული სპეციალისტების რაოდენობა და სხვა პარამეტრები.

“თბილისში რეგიონალური სასწავლო ცენტრის გახსნა მეტ დინამიკას შესძენს საქაერონავიგაციის ურთიერთობებს საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან, ასევე, მეზობელი ქვეყნების სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერებთან. ჩვენ შევისწავლეთ სასწავლო ცენტრის ოპერაციული და კომერციული შესაძლებლობები და ვადასტურებთ ჩვენს მზაობას  შევქმნათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ცენტრი რეგიონში, სადაც სწავლებას შპს “საქაერონავიგაციის” თანამშრომლებთან ერთად, მეზობელი ქვეყნების საავიაციო სფეროს სპეციალისტებიც გაივლიან. ჩვენ თავდაუზოგავად ვშრომობთ იმისთვის, რომ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ ჩვენ სასწავლო ცენტრს რეგიონალური დატვირთვა შესძინოს,” - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორის მოადგილემ სოფია ტურაბელიძემ.

IATA-ს სასწავლო კურსების მიზანია, აამაღლოს ფრენების უსაფრთხოება და საჰაერო მოძრაობის მართვის ეფექტიანობა, ასევე ხელი შეუწყოს საავიაციო სფეროში დასაქმებული კადრების კარიერულ ზრდას და ზოგადად, ინდუსტრიის მდგრად განვითარებას. „საქაერონავიგაცია” IATA-ს სასწავლო ცენტრთან უკვე წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს. კომპანიის თანამშრომლები სწავლებას გადიან მრავალი კუთხით, მათ შორის ფრენების უსაფრთხოებისა და საჰაერო მოძრაობის მართვის მიმართულებით.

ყოველწლიურად საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტრეინინგ ცენტრი 100 000-ზე მეტ პროფესიონალს და სტუდენტს ატრეინინგებს ავიაციის სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საავიაციო ინდუსტრიის განვითარებისა და ხელის შეწყობის მიზნით ასოციაციამ შეიმუშავა 350-ზე მეტი ტრეინინგი და 40-ზე მეტი სადიპლომო და აკადემიური  კურსი.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ტრეინინგ ცენტრი ერთ-ერთი ლიდერია საავიაციო სწავლების სფეროში. IATA მუდმივად სთავაზობს კომპანიებს მაღალხარისხიან სასწავლო კურსებს, რომელიც შექმნილია საავიაციო ექსპერტების მიერ, იმგვარად რომ სტუდენტებმა მიღებული ცოდნა დაუყოვნებლივ გამოიყენონ სამუშაო პროცესში.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის სასწავლო ცენტრის ვიზიტი საქართველოში სამ დღეს გაგრძელდება. იანივ სორანი და ვირონ ლუპასისი შეხვედრებს გამართავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან.

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon