4 ოქტომბერი 2019
სახელსაწყო დაფრენის სისტემების ჩანაცვლების პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელსაწყო დაფრენის სისტემების ჩანაცვლების პირველი ეტაპის სამონტაჟო სამუშაოები წარმატებით დაასრულა.
შპს “საქაერონავიგაციის” საქმიანობის ძირითადი საგანი საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების მართვა და მათი უსაფრთხოების დაცვაა. აღნიშნულის უზრუნველყოფის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სანავიგაციო აღჭურვილობების გამართული ფუნქციონირებაა. “საქაერონავიგაცია” პასუხისმგებელია ისეთი ტექნოლოგიების დანერგვასა და მათ გამართულ მუშაობაზე, რომლებიც ეხმარებიან საჰაერო ხომალდებს განახორციელონ ზუსტი და უსაფრთხო ფრენა. სახელსაწყო დაფრენის სისტემა (ILS) წარმოადგენს თვითმფრინავის “გზამკვლევს” და უზრუნველყოფს ავტომატურ რეჟიმში საჰაერო ხომალდის უსაფრთხო და ზუსტი დაფრენის შესაძლებლობას.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ამჟამად კომპანია SELEX - ის მიერ წარმოებული ორი სახელსაწყო დაფრენის სისტემა (ILS) ფუნქციონირებს. პირველი ეტაპი ILS 13R - ის ახლით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. აღნიშნულ სისტემას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ამერიკული კომპანია Selex ES Inc ამონტაჟებს. კომპანიამ ჩაატარა ადგილის შესწავლა (Site Survey) და შეიმუშავა ინსტალაციის პროექტი. სამოტაჟო სამუშაოები კომპანია Selex ES Inc-ის სპეციალისტებმა საქაერონავიგაციის თანამშრომლებთან ერთად შეასრულეს. არსებული სახელსაწყო დაფრენის სისტემების ახლით ჩანაცვლების პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მინიმალური შეფერხებით ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით.
აღნიშნული სისტემის საფრენოსნო შემოწმებას განახორციელებს ჩეხური კომპანიის ANS CR თვითმფრინავი-ლაბორატორია. საფრენოსნო შემოწმება გულისხმობს სანავიგაციო საშუალების შემოწმებას სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავით, რომელიც ამოწმებს მის მუშაობას და მის შესაბამისობას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ICAO Annex 10 - ით დადგენილ სტანდარტებთან. განახლებული ILS 13R ექსპლუატაციაში შევა 2019 წლის ბოლომდე, შემოფრენის პროცედურების დასრულებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აღიარების შემდეგ. სახელსაწყო დაფრენის სისტემების განახლების მეორე ეტაპი 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon