7 ნოემბერი 2019
საქართველოს საჰაერო სივრცე თავისუფალი საჰაერო მარშრუტებით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” სომხეთის სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერ ორგანიზაცია ARMATS - სთან ერთად სამხრეთ კავკასიის რეგიონში უმნიშვნელოვანესი პროექტის - საქართველოს და სომხეთს შორის თავისუფალი საჰაერო მარშრუტების დანერგვას იწყებს.

პროექტი გულისხმობს საქართველოს და სომხეთის საჰაერო სივრცეში მფრენი საჰაერო ხომალდების მიერ თავისუფალი მარშრუტების გამოყენების შესაძლებლობას, მხოლოდ შემოსვლის და გასვლის წერტილის მითითებით და ის აღნიშნულიიქნება, როგორც სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცის თავისუფალი მარშრუტები - “Free Route Airspace in south Caucasus Area – FRASC”. საქართველომ და სომხეთმა თავისუფალი საჰაერო მარშრუტების პროექტზე მუშაობა 2017 წელს დაიწყეს და ის ძალაში 2019 წლის 8 ნოემბერს 00:00 საათზე შევა.

ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას თბილისის საჰაერო მოძრაობის რაიონული ცენტრიდან შპს “საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, სომხეთის სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერი ორგანიზაციის გენერალური დირექტორი არტურ გასპარიანი და ევროკონტროლის დელეგაციის წევრები დააკვირდებიან. შპს “საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორის გოჩა მეზვრიშვილის განცხადებით თავისუფალი საჰაერო მარშრუტებით ევროპის საჰაერო სივრცის სამი მეოთხედი უკვე სარგებლობს. “მიხარია, რომ ამიერკავკასიის რეგიონში ჩვენ პირველებმა დავნერგეთ თავისუფალი საჰაერო მარშრუტები და დღეს უკვე ამ კონცეფციის მეორე ეტაპის განხორციელებას ვიწყებთ. ავიაკომპანიებს, რომლებიც ერთ მარშრუტზე კვეთენ საქართველოს და სომხეთს, საშუალებას ვაძლევთ გადაადგილებისას აარჩიონ უმოკლესი მარშრუტი, დაზოგონ დრო და საწვავი და შესაბამისად, უფრო ეფექტურად დაგეგმონ ხარჯი. ეს საკმაოდ რთული მისიაა და მიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა ამ გლობალურ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი”.

საქაერონავიგაციის საჰაერო მოძრაობის მართვის სპეციალისტები ევროკონტროლის და სომხეთის წარმომადგენლებთან ერთად, თავისუფალი საჰაერო მარშრუტების დანერგვის პროცესს რამოდენიმე დღის განმავლობაში ადგილზე დააკვირდებიან.

საქართველო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის ინიციატივას - საჰაერო სივრცეში თავისუფალი საჰაერო მარშრუტების დანერგვის შესახებ, 2017 წელს შეუერთდა. ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით, თავისუფალი საჰაერო მარშრუტები, მთელი ევროპის მასშტაბით 2022 წელს სრულად იქნება დანერგილი.

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon