ქუთაისში მეტეოროლოგიური ოფისის ახალი შენობა გაიხსნა

18 მარტს,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური ოფისის ახალი შენობა გაიხსნა, რომელიც შპს "საქაერონავიგაციის" მეტეოროლოგიური სამსახურის დამკვირვებლებისა და ოპერატიული რადიოცენტრის თანამშრომლებისთვის  იქნება განკუთვნილი. 

ოფისის ახალი შენობის გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, “საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი იმერეთის რეგიონში გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ქუთაისის მეტეოროლოგიური სამსახურის ახალი ოფისის შენობის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია  “UNStudio”-ს ეკუთვნის, მუშა პროექტი კი შპს “კაპიტელმა” შექმნა. სამშენებლო სამუშაოები ქართულმა სამშენებლო კომპანია შპს “რონკომ” 2013 წლის 30 დეკემბერს დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2015 წლის მარტში დაასრულა. თანამედროვე ტიპის შენობა სრულად აკმაყოფილებს საავიაციო მეტეოროლოგიის სფეროში არსებული ორგანიზაციების - ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და WMO-ს (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) მარეგულირებელი დოკუმენტების მოთხოვნებს. 

შენობაში მოეწყო მეტეოროლოგიური დამკვირვებლის სამუშაო ადგილი და განთავსდა ამინდზე დაკვირვების ავტომატური სისტემის ოპერატიული კომპიუტერი. ცენტრი აღიჭურვა საუკეთესო თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც განკუთვნილია ამინდის, კლიმატის და ჰიდრომეტეოროლოგიური გაზომვის, პროგნოზისა და ანალიზისთვის.

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon