10 თებერვალი 2016
ხელშეკრულება შპს „საქაერონავიგაციასა და კომპანია ICZ(ALES) -ს შორის

2016 წლის 10 თებერვალს, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში”, საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციასა” და ჩეხურ კომპანია  ICZ(ALES) -ს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი სარეზერვო სისტემის შეძენა-მონტაჟის თაობაზე.

პროექტის ღირებულება 1.5 მილიონი ლარია, სამონტაჟო სამუშაოებს, ხელშეკრულების თანახმად, ჩეხური კომპანია ALES თავად ჩაატარებს.

ჩეხური წარმოების სარეზერვო სისტემა დაყენებული იქნება თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის რაიონული ცენტრში და ჩაანაცვლებს ამჟამად არსებულ ამერიკული წარმოების სარეზერვო სისტემას, რომლის ექსპლუატაციის ვადა 2016 წლის ბოლოს იწურება.

“დღეს, საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერები, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მაშინ, როდესაც ფრენების უსაფრთხოება და საავიაციო რისკების მართვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ახალი სისტემების დანერგვის აუცილებლობა გარდაუვალი ხდება. დღეს ჩვენ ჩეხური წარმოების საჰაერო მოძრაობის მართვის სარეზერვო სისტემა შევიძინეთ, რომლითაც მნიშვნელოვნად ავამაღლებთ საქართველოს ცის უსაფრთხოებას. ALES-ის სარეზერვო სისტემა კიდევ უფრო დაცულს გახდის საქართველოს საჰაერო სივრცეს, რომელიც უკვე სამმაგად იქნება დაცული ნებისმიერი ტექნიკური შეფერხებისგან. ეს პროექტი არის კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის  სამოქალაქო ავიაციის განვითარების საქმეში,” - განაცხადა შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა. 

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon