საქაერონავიგაციის დელეგაციის ვიზიტი მადრიდის საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესზე

მადრიდში მიმდინარე საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესზე (World ATM Congress 2016), საქმიანი ვიზიტით საქაერონავიგაციის დელეგაცია იმყოფება. კონგრესს მადრიდში 90 ქვეყნის 700-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

კონგრესის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა, გოჩა მეზვრიშვილმა ოფიციალური შეხვედრები გამართა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL), სამოქალაქო საჰაერო ნავიგაციის მომსახურების ორგანიზაციისა (CANSO) და საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შპს “საქაერონავიგაციის” მზაობა, ავიაკომპანიებისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევის საქმეში.

ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, შპს “საქაერონავიგაციამ” ხელშეკრულება გააფორმა ჩეხეთის საჰაერო მოძრაობის სერვისის პროვაიდერთან, რომლის თანახმადაც ჩეხური მხარე საქაერონავიგაციის კუთვნილი რადიოტექნიკური და შუქტექნიკური საშუალებების, საჰაერო მარშრუტზე სარადარო გადაფარვისა და სახელსაწყო ფრენების პროცედურების საფრენოსნო შემოწმებას განახორციელებს. კონგრესის ფარგლებში, საქაერონავიგაციის ადმინისტრაციამ შეხვედრები გამართა საჰაერო მოძრაობის მართვისა და სანავიგაციო სისტემების ინდუსტრიაში იმ ლიდერი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებთან ერთადაც ორგანიზაცია სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. Tales-ის, Indra-ს, ICZ-ის, Ales-ის, Frequentis-ის, Jotron-ისა და სხვა კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების თემა, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, სისტემების ეფექტური მუშაობისთვის პროგრამული განახლებები და დაწყებული ღონისძიებების კალენდარი იყო.

World ATM კონგრესი საჰაერო მოძრაობის კონტროლის ასოციაციის (ATACA) ორგანიზებით და სამოქალაქო საჰაერო ნავიგაციის ორგანიზაციის (CANSO) მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება მადრიდში. კონგრესზე საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების მწარმოებელი კომპანიები და საერთაშორისო ორგანიზაციები იღებენ მონაწილეობას. საჰაერო მოძრაობის მართვის პროვაიდერები მსოფლიოს მასშტაბით, სწორედ მადრიდში ეცნობიან ყველა იმ ტექნოლოგიურ სიახლეს, რასაც მათ სისტემების მწარმოებელი კომპანიები ყოველწლიურად სთავაზობენ. კონგრესზე იმართება გამოფენები, კონფერენციები, ვორქშოპები, შეხვედრები და სხვა აქტივობები.

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon