ახალი ამბები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნა

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის და სამიმოსვლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.

ბილიკის რეაბილიტაცია უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 12 კვირაში დასრულდა.

ასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების შუქ-სასიგნალო სისტემის განახლებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” 10 მილიონლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. საქაერონავიგაციამ განათების სისტემას 800 სანათი დაამატა, არსებული 720-იდან მოხსნა და შეცვალა 500 წერტილი, ახალ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს და სამიმოსვლო ბილიკებს სულ 1500-ზე მეტი სანათი ანათებს.

“განათების ახალი სისტემა კიდევ უფრო აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების დონეს საქართველოში და საჰაერო ხომალდებს, ძლიერი ნისლის, ცუდი მეტეო პირობებისა და დაბალი ხილვადობის დროს, აფრენა-დაფრენას საგრძნობლად გაუადვილებს. აგრეთვე მოიმატებს უსაფრთხოების დონე აეროდრომზე საჰაერო ხომალდების მანევრირებისას.

ახალი ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) საერთაშორისო სტანდარტების მეორე კატეგორიის შესაბამისი განათებით, ჩვენ ავიაკომპანიებსა და მგზავრებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს ვთავაზობთ და უსაფრთხოების უფრო მეტ გარანტიას ვაძლევთ, - განაცხადა შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

შუქ-ტექნიკური სისტემის რეკონსტრუქციის პროექტი ფრანგულმა კომპანია „ADPI” -იმ შეასრულა, ახალი, თანამედროვე სანათები საქაერონავიგაციამ შუქ-ტექნიკური სისტემების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი იტალიური კომპანია „OCEM”-ისგან შეიძინა.სამონტაჟო სამუშაოები კი უკრაინულმა საინჟინრო კომპანიამ ჩაატარა. მშენებლობის პროცესს ზედამხედველობა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტექნიკურმა კონსულტანტმა გაუწია.

პრეზენტაციას, ასევე, საქართველოს მთავრობის წევრები, თბილისის მერი, ტუროპერატორებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.