საქაერონავიგაცია უზრუნველყოფს სააერნაოსნო მობილურ მომსახურებას, სააერნაოსნო ფიქსირებულ მომსახურებას და სააერნაოსნო სამაუწყებლო მომსახურებას.
სააერნაოსნო მობილური „მიწა-ჰაერი“ ხმოვანი კავშირგაბმულობის სისტემა უზრუნველყოფს ორმხრივ ხმოვან კავშირს ავიამეთვალყურეებსა და მფრინავებს შორის. „მიწა-ჰაერი“ ხმოვანი კავშირგაბმულობისთვის ძალიან მაღალი სიხშირის (VHF) რადიო სისტემები სტრატეგიულად არის განლაგებული ქვეყნის მასშტაბით რადიო ცენტრებში, რათა უზრუნველყონ რეგიონის საჰაერო სივრცის ხარისხიანი გადაფარვა. საიმედოობის ასამაღლებლად, დამატებით, გამოყენებულია დამოუკიდებელი სარეზერვო სისტემები. ყველა „მიწა-ჰაერი“ ხმოვანი კავშირგაბმულობის ძალიან მაღალი რადიო სიხშირეები ოპერატიულ გამოყენებამდე საერთაშორისო დონეზეა ჰარმონიზებული და რეგისტრირებული ICAO–ს რადიოსიხშირული რეესტრის ცენტრალურ სისტემაში.
მობილური „მიწა-მიწა“ ხმოვანი კავშირგაბმულობის სისტემის მიზანია უზრუნველყოს ორმხრივი ხმოვანი კავშირი კოშკურის ავიამეთვალყრეებსა და თბილისში, ქუთაისში და ბათუმში მათ პასუხისმგებლობის არეში განსახორციელებელი მომსახურებისათვის.
ფიქსირებული „მიწა-მიწა“ ხმოვანი კავშირგაბმულობის სისტემა უზრუნველყოფს ორმხრივ ხმოვან კავშირს მეზობელი ქვეყნების საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრებთან. აღნიშნულისთვის საქაერონავიგაცია იყენებს იჯარით აღებულ ხაზებს და თანამგზავრულ სისტემას (DPS PhoneSAT), რომელიც მიერთებულია მეზობელი ქვეყნების საჰაერო მოძრაობის მართვის ხმოვან საკომუნიკაციო სისტემებთან.
საქაერონავიგაცია უზრუნველყოფს ორი ტიპის „მიწა-მიწა“ ინფორმაციის გადაცემის მომსახურებას, იყენებს სააერნაოსნო ფიქსირებულ კავშირგაბმულობის ქსელს (AFTN) სპეციფიკური ინფორმაციების (მაგ: ფრენების გეგმა, მეტეოროლოგიური ინფორმაცია და ა.შ.) მიმოცვლისთვის/გავრცელებისთვის და საავიაციო მონაცემების/შეტყობინებების რეალურ დროში მიმოცვლის პროტოკოლს (OLDI) საქართველოს მომიჯნავე საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრებთან კოორდინაციისთვის.
საქაერონავიგაცია უზრუნველყოფს სააერნაოსნო სამაუწყებლო მომსახურებას, როგორიცაა TBILISI ATIS (Automatic terminal information service) ინფორმაცია.