საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ისტორია

1993-2000

საქაერონავიგაციის, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის ისტორია 1993 წლიდან იწყება, როდესაც საბჭოთა პერიოდში არსებული თბილისის გაერთიანებული ავიარაზმისა და ელექტრო-რადიო-ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა სახელმწიფო საწარმო საქაერონავიგაცია.

• 1994 წელს ხელშკრულება გაფორმდა საერთაშორისო ორგანიზაცია IATA-სთან, რომელიც 2014 წლამდე ახორციელებდა გაწეული სააერნაოსნო მომსახურების საზღაურების შეკრებას.

• 1995 წელს თბილისსა და ქუთაისში დამონტაჟდა ორი სანავიგაციო სისტემა VOR/OME, რის შედეგადაც, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სააერნაოსნო მომსახურების ხარისხი,

• 1995-1997 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა საჰაერო ხომალდების აეროდრომზე შემოსვლისა და დაფრენის იმ დროისათვის შედარებით თანამედროვე რადიოსალოკაციო სისტემა РП -4Г. თავიდანვე ცხადი იყო, რომ მეოცე საუკუნის ბოლოს, მოძველებული საბჭოთა სისტემები ვეღარ დააკმაყოფილებდა მსოფლიოს საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების სტანდარტებს და საჭირო გახდებოდა სანავიგაციო და სალოკაციო ტექნოლოგიების სრული მოდერნიზაცია, კადრების გადამზადება, ინფრასტრუქტურის განვითარება, კანონმდებლობის დახვეწა და ა.შ.

• 1997 წელს, ტრასეკას პროექტის ფარგლებში, საქაერონავიგაციასა და ამერიკულ კომპანია NORTHROP GRUMAN-ს შორის დაიდო ხელშეკრულება საქართველოს სანავიგაციო სისტემების მონდერნიზაციის პროექტის განხორციელების შესახებ. ამ უმნიშვნელოვანესმა პროექტმა საშუალება მისცა ორგანიზაციას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განეხორციელებინა საჰაერო მოძრაობის მართვა საქართველოს საჰაერო სივრცეში. აღნიშნული პროექტს ფარგლებში, 2000 წელს თბილისსა და სენაკში დაიდგა ახალი რადიოსალოკაციო სადგურები, რამაც საშუალება მისცა საქაერონავიგაციას საქართველოს საჰაერო სივრცეში სრული კონტროლი განეხორციელებინა.

• 1999 წელს „მეწარმეთა შესახებ“ საქართელოს კანონის საფუძველზე საქაერონავიგაცია გარდაიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. თვითდაფინანსების პრინციპზე გადასვლამ ორგანიზაციას სწრაფი განვითარების საშუალება მისცა.

• 2000 წელს თბილისში აშენდა ახალი, თანამედროვე მართვის ცენტრი, სადაც, საბჭოთა სისტემა შეიცვალა თანამედროვე საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემით. განხორციელებულმა პროექტებმა შპს საქაერონავიგაციას შესაძლებლობა მისცა, რეგიონში კონკურენტუნარიანი კომპანია გამხდარიყო.

 

2000-2007

2000-2007 წლებში შპს საქაერონავიგაციამ არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა, დანერგა უახლესი ტექნოლოგიები, დაიწყო კადრების პერმანენტული გადამზადება, რამაც გაზარდა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების დადებითი შეფასებები და შესაბამისად, გაიზარდა ავიაკომპანიების დაინტერესება საქართველოს საჰაერო სივრცით. გაზრდილი შემოსავალი კომპანიამ კვლავ ფრენის უსაფრთხოების სისტემების შეძენას და კადრების კვალიფიკაციის ზრდას მოახმარა, ცვლილებები ყველა დონეზე განხორციელდა:

• კონკურსის საფუძველზე განხორციელდა ახალი კადრების შერჩევა და მომზადება;

• დაიგეგმა საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალურად გათანაბრება, რისთვისაც კომპანიამ შეიძინა და დააინსტალირა ახალი სისტემები;

• სრულად განახლდა არსებული ინფრასტრუქტურა;

• სწრაფი და საიმედო საჰაერო-სახმელეთო ორმხრივი კავშირის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდა ახალი ციფრული რადიოსადგურები;

• საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დამონატაჟდა ინსტრუმენტული დაშვების სისტემები (ILS) და სხვა სანავიგაციო საშუალებები.

ჩატარებულმა რესტრუქტურიზაციამ და სწორი მიმართულებით ჩადებულმა ინვესტიციამ შპს საქაერონავიგაციას საქართველოს საჰაერო სივრცის ორმაგი გადაფარვის და მაღალი სტანდარტებით მომსახურების საშუალება მისცა.

 

სასწავლო ცენტრი საქასტაკი

 

2005 წელს დაფუძნდა ქართულ-ინგლისური ერთობლივი სასწავლო ცენტრი SAKASTAC. შპს საქაერონავიგაციამ ააშენა ახალი შენობა, აკრედიტებული ინსტრუქტორები მოიწვია დიდი ბრიტანეთიდან და გამოაცხადა პირველი ღია კონკურსი ახალი ავიამეთვალყურეების ასაყვანად. პარალელურად, მიმდინარეობდა ადგილობრივი კადრების მომზადება ინსტრუქტორებად დიდ ბრიტანეთში, რომლებმაც შემდგომში მოწვეული ინსტრუქტორები ეტაპობრივად ჩაანაცვლეს.

2005-2007 წლებში SAKASTAC-მა ICAO-ს მიერ აკრედიტირებული პროგრამით 25 ავიამეთვალყურე მოამზადა. აღნიშნული სასწავლებლის კურსდამთავრებულები დღესაც წარმატებით მუშაობენ საქაერონავიგაციაში.

 

ციფრული რადიოსადგური

 

2005 წელს შპს საქაერონავიგაციამ დაამონტაჟა იტალიური კომპანია OTE-ს წარმოების ციფრული რადიო-სადგური, რომელიც ავიამეთვალყურესა და საჰაერო ხომალდს შორის სწრაფ და საიმედო ელექტრონულ კავშირს უზრუნველყოფდა.

 

ICAO-ს რეგიონალური დირექტორის ვიზიტი

 

2005 წელს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ICAO-ს რეგიონალური დირექტორი კრისტენ ტეილი და მისი მოადგილე ჯორჯ ფირიკანი. ICAO-ს ხელმძღვანელობამ დადებითად შეაფასა შპს საქაერონავიგაციაში მიმდინარე პროცესები.

 

ბათუმის ტაუერი

 

2007 წელს გაიხსნა ბათუმის სამეთვალყურეო კოშკი, რომელიც უახლესი, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სისტემებითა და ფრენის უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ყველა სერვისით აღიჭურვა. ტაუერში დამონტაჟდა ჩეხური ფირმა ELDIS-ს სალოკაციო ინფორმაციის გამოსახულების მოწყობილობა. აეროდრომი ინსტრუმენტალური დაფრენის სისტემითა (ILS) და მომყვანი სააეროდრომო რადიოსადგურით (NDB) აღიჭურვა. გარდა ამისა, ბათუმში ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის განათების თანამედროვე სისტემები დამონტაჟდა. გამოყენებული შუქტექნიკა და დამატებითი მოწყობილობები საქაერონავიგაციამ ჩეხურ კომპანია AFL IMPEX-ისაგან შეიძინა.

 

2008

2008 წლის აგვისტოს თვეში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრამ და დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა თავისი მძიმე კვალი საქაერონავიგაციის ისტორიაშიც დატოვა. შპს საქაერონავიგაციამ ზიანი განიცადა ქვიშიანას მთაზე არსებული ASR-12 ობიექტის დაბომბვისა და სენაკის ობიექტის ძარცვის შედეგად.

11 აგვისტოს 03:37:57 საათზე ქვიშიანას მთაზე მდებარე პირველადი და მეორადი რადიოსალოკაციო სისტემის ანტენაზე რუსეთის სამხედრო საჰაერო ხომალდის სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, რის შემდეგ, ცეცხლი მოედო და ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა პირველადი და მეორადი რადიოსალოკაციო სისტემის აღჭურვილობა, ლოკაციური შენობა, საოფისე ინვენტარი და სხვადასხვა სახის მარაგ-მასალა.

რადიოსალოკაციო სისტემის განადგურების შემდეგ, ფრენების უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ავიამეთვალყურეებს გარკვეული დროის განმავლობაში ვიზუალიზაციის გარეშე უწევდათ მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა საფრთხე, რუსეთს იერიში არამარტო სანავიგაციო რადიოლოკატორზე, არამედ უშუალოდ სამეთვალყურო დაკვირვების პუნქტებზეც მიეტანა, საქაერონავიგაციის ყველა თანამშრომელი საკუთარ სამუშაო ადგილზე იყო, მათთან ერთად იყო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაც.

რუსული საოკუპაციო ძალების მიერ 2008 წლის 11 აგვისტოდან 23 აგვისტომდე ოკუპირებული იყო შპს საქაერონავიგაციის სენაკის მეორადი სალოკაციო სადგური MSSR, რომელიც მდებარეობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს N2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სენაკში. ცამეტი დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებს დატყვევებული ჰყავდათ შპს საქაერონავიგაციის 5 თანამშრომელი. 18 აგვისტოს 15:15 საათზე ძალის გამოყენებით მოხდა მეორადი რადიოლოკატორის გათიშვა. 21 და 22 აგვისტოს საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა აღნიშნული ობიექტის ძარცვა.

საომარი მოქმედებების შედეგად გაიძარცვა და განადგურდა შპს საქაერონავიგაციის კუთვნილი 4 000 000 ლარის ღირებულების ქონება. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის გამო, კომპანია იძულებული გახდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაეფორმებინა 4 690 000 ევროს გადასესხების ხელშეკრულება, რაც განხორციელდა საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2008 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ფინანსური პროტოკოლის საფუძველზე. შედეგად, შპს საქაერონავიგაციამ ფრანგული კომპანია THALES-ის ახალი რადიოლოკატორი შეიძინა, რომელიც განადგურებული სისტემის ნაცვლად დამონტაჟდა.

 

2009-2013

 

თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის აღჭურვა თანამედროვე სისტემებით

 

შპს საქაერონავიგაციამ 2009 წელს თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრში ამერიკული კომპანია Selex-ის მიერ წარმოებული საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ავტომატიზირებული სისტემა შევიდა ექსპლუატაციაში.

ამავე წელს განხორციელდა შუქ-ტექნიკური მოწყობილობების რეკონსტრუქციის პროექტიც. ახალი შუქ-განათების სისტემა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიურმა კომპანია O.C.E.M-მა დაამონტაჟა.

2009 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში შევიდა დოპლერის აზიმუტალური რადიოშუქურა (DVOR). აღნიშნული რადიო-ტექნიკური აღჭურვილობა კომპანია Selex-მა დაამონტაჟა.

 

შეთანხმება ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ

 

2010 წელს საქართველომ ევროკავშირთან „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმება დადო. შეთანხმების ნაწილი მოიცავდა ჰარმონიზებას ევროკავშირის წესებთან და ამ პროცესში ძალიან დიდი ადგილი ეკავა სააერნაოსნო მომსახურების ნაწილს. დაახლოებით, 30 რეგულაცია და დირექტივა იყო გაწერილი შეთანხმებაში, რომელიც ე.წ. „ღია ცის” დანერგვას გულისხმობდა.

ამას უკავშირდება საქართველოს ევროკონტროლში ინტეგრაციის პროცესის დაწყება, რაც საბოლოოდ 2014 წელს გაწევრიანებით დასრულდა. ევროკონტროლის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინტეგრაცია.

 

მესტიის აეროპორტი

 

2010 წლის 24 დეკემბერს, მესტიაში თამარ მეფის სახელობის რეგიონალური აეროპორტი გაიხსნა. 2011 წელს მესტიის აეროპორტის 1200 მეტრიანი ასაფრენი ზოლისთვის შპს საქაერონავიგაციამ ბრიტანული კომპანია METALITE AVIATION LIGHTING-ის მიერ წარმოებული მოძრავი შუქ-სასიგნალო სისტემა CALKIT და გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სანათი PAPI შეიძინა.

ამავე წელს კომპანიამ მესტიაში, ზურულდის მთაზე მიმყვანი რადიოსადგური NDB VR500 დაამონტაჟა, რომელიც კანადური კომპანია NAUTEL-ის მიერ არის წარმოებული.

 

ფოთის რადიოსალოკაციო სადგური

 

2011 წელის 22 აპრილს გაიხსნა ფოთის რადიოსალოკაციო სადგური. მეორადი გადაფარვის რადიოლოკატორი ფრანგულმა კომპანია THALES-მა აღჭურვა. შპს საქაერონავიგაციას საშუალება მიეცა დასავლეთ საქართველოს საჰაერო სივრცის სრული რადიოსალოკაციო გადაფარვა მოეხდინა.

 

სენაკის რადიოსალოკაციო სადგური

 

2011 წელსვე განხორციელდა სენაკის MSSR რადიოლოკატორის შეცვლა ესპანური კომპანია INDRA-ს წარმოებული მეორადი სატრასო რადიოლოკატორით, რომელიც აღჭურვილია MODE-S რეჟიმით და მისი მოქმედების რადიუსი მოიცავს 250 მილს.

 

ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკი

 

2011 წლის 22 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და სამეთვალყურეო კოშკის მშენებლობა დაიწყო. აეროპორტის ტერმინალის, სამეთვალყურეო კოშკისა და სანავიგაციო ოფისის დიზაინი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო არქიტექტურულ კომპანია UNStudio-ს ეკუთვნის.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შპს საქაერონავიგაციამ ბრიტანული კომპანია SYSTEMS INTERFACE-გან შეიძინა ამინდზე დაკვირვების ავტომატიზირებული სისტემა. ამავე კომპანიამ ქუთაისში დაამონტაჟა ინსტრუმენტალული დაშვების სისტემა (ILS), დოპლერის აზიმუტალური რადიოშუქურა (DVOR) და სატრასო მანძილმზომი მოწყობილობა (DME). აქვე დამონტაჟდა ნორვეგიული კომპანია JOTRON-ის წარმოებული ციფრული რადიოსადგურები. დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შუქ-ტექნიკური სისტემები.

ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკი 2013 წლის ნოემბერში გაიხსნა. 2015 წელს ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკისა და ადმინისტრაციული ოფისის შენობებს TUV SUD-ის ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატები მიენიჭათ.

 

2014 -2016

 

ევროკონტროლში გაწევრიანება

 

საქართველო ევროკონტროლის მე-40 წევრი ქვეყანა 2014 წლის 1 იანვრიდან გახდა. საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების შედეგად, ქვეყანა საჰაერო მიმოსვლის მართვის ევროპულ ქსელში ჩაერთო. შპს საქაერონავიგაციის მიერ განხორციელებული არაერთი პროექტი, სწორედ ევროკონტროლთან თანამშრომლობას უკავშირდება. საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების შედეგად ქვეყანა გადავიდა ფრენის უსაფრთხოების უფრო მაღალ სტანდარტზე.

2014 წლის შემდეგ, შპს საქაერონავიგაციის ასობით თანამშრომელმა, ლუქსემბურგსა და საქართველოში ევროკონტროლის მიერ შემუშავებული არაერთი სწავლება გაიარა. ამასთან, საქაერონავიგაციის თანამშრომლები როტაციის პრინციპით მიემგზავრებიან ბრიუსელში, ევროკონტროლის სათაო ოფისში, სადაც 6 თვე მუშაობენ, იღებენ პრაქტიკას, იხვეწებიან საკუთარ სპეციალობებში და ევროპულ გამოცდილებას უკვე საქართველოში ნერგავენ.

მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკონტროლის წევრი ქვეყანა გახდა, შპს საქაერონავიგაციის მიერ გაწეული სააერნაოსნო მომსახურების საზღაურებს აწესებს და აგროვებს ევროკონტროლის საჰაერო ნავიგაციის საზღაურების ცენტრალური ოფისი. ამან ბევრად გამჭვირვალე და მოწესრიგებული გახადა ბიუჯეტირების სისტემა კომპანიაში.

ევროკონტროლის ექსპერტების დახმარებით, შპს საქაერონავიგაციამ შეისწავლა არსებული ნაკადები, რის საფუძველზეც მოხდა გამტარუნარიანობის დადგენა, მისი ზრდის შესაძლებლობების მოძიება და განხორციელება. ევროკონტროლის ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა საქართველოს საჰაერო სივრცის დიზაინის რეკონფიგურაციის გეგმის შემუშავებაც. ასევე, ევროკოტროლის მხარდაჭერითა და კონსულტირებით დაინერგა საქაერონავიგაციის თანამშრომელთა არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის სქემა.

2016 წელს ევროკონტროლთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა თავისუფალი მარშრუტების დანერგვის საპროექტო ვარიანტი, რომელიც 2017 წლის 1 ოქტომბრიდან, მათივე მხარდაჭერით ამოქმედდა.

შპს საქაერონავიგაციამ, ევროკონტროლის დახმარებით, დაადგინა რადიოლოკაციური უზრუნველყოფის მისაღები დონის მაჩვენებელი და შეიმუშავა მისი მონიტორინგის მექანიზმი.

ასევე, ევროკონტროლის ნაკადების მონიტორინგის განყოფილება აკვირდება და აანალიზებს წევრი სახელმწიფოების საჰაერო მოძრაობის სტატისტიკას და აკეთებს გრძელვადიან პროგნოზებს მომავალი ტენდენციების შესაბამისად.

საქაერონავიგაცია ასევე წარმატებით თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: ICAO, ECAC, EASA, IATA, CANSO. საქაერონავიგაციის მიერ განხორციელებული რეფორმები პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მხრიდან, შეფასებები კი ყოველწლიურად უმჯობესდება.

 

ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა

 

2013-2014 წლებში შპს საქაერონავიგაციის სააერნაოსნო ინფორმაციის და მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისი სერტიფიკატები მიიღეს. იანსის საავიაციო სასწავლებლის პროგრამაში სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის მიერ ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის პროცესი ისწავლება, როგორც ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის საუკეთესო მაგალითი.

 

მეტეოსამსახური

 

2014-15 წლებში ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში აშენდა თანამედროვე მეტეოოფისები. 2016 წელს კი თბილისთან ახლოს, „ქვიშიანას მთის 1100 ნიშნულზე“, ახალი მეტეორადიოლოკატორი შევიდა ექსპლუატაციაში. ამან საშუალება მისცა საქაერონავიგაციას მუდვივ რეჟიმში მოახდინოს საჰაერო საინფორმაციო სივრცის სკანირება.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ, საქართველოში, მსოფლიო მასშტაბით, ერთერთი საუკეთესო წინასწარი მეტეო გაფრთხილების სისტემა ფუნქციონირებს.

 

რადიოსადგურები კახეთში

 

2016 წელს კახეთში (მთა ცივი) „მიწა-ჰაერის” ახალი სტაციონარული რადიოსადგურების სისტემა დამონტაჟდა, რომლის მეშვეობითაც დაბალ ეშელონზე (G კლასი) მფრენ მცირე ზომის საჰაერო ხომალდებთან ორმხრივი კავშირის დამყარება პირველად გახდა შესაძლებელი. სანავიგაციო სისტემები ბაკურიანსა და გუდაურში ამავე წელს ბაკურიანსა და გუდაურში დასრულდა ახალი სანავიგაციო სისტემის DMA-DMA მონტაჟი და მათთვის შენობების მშენებლობა.

 

საჰაერო სივრცის დაზღვევა

 

2016 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, შპს საქაერონავიგაციამ საქართველოს საჰაერო სივრცე დააზღვია. აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობას ათავისუფლებს საქართველოს საჰაერო სივრცეში შესაძლო საავიაციო ინციდენტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური პასუხისმგებლობისგან ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში, რაც შესაბამისად, ქვეყნისთვის უდიდესი მატერიალური რესურსის დაზოგვას გულისხმობს.

 

შუქ-ტექნიკის რეაბილიტაცია

 

2016 წლის ივლისში დასრულდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციის პროექტი. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტს სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სრულად განახლებული და მოდერნიზებული, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, მეორე კატეგორიის შუქ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები აქვს.

ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი შპს საქაერონავიგაციამ, შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ და სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ერთობლივად განახორციელეს.

საქაერონავიგაციამ განათების სისტემას 800 სანათი დაამატა, არსებული 720-იდან მოხსნა და შეცვალა 500 წერტილი, ახალ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს და სამიმოსვლო ბილიკებს სულ 1500-ზე მეტი სანათი ანათებს.

 

ფრენების რაოდენობის ზრდა

 

2014 წლიდან საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. საქაერონავიგაციის მომსახურების დონის გაუმჯობესებამ, ხელსაყრელმა ტარიფებმა საჰაერო მიმოსვლის სტაბილური ზრდის ტენდენციას შეუწყო ხელი.

 

ახალი ავიამეთვალყურეები

 

საქაერონავიგაციამ, გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, 2015-2016 წლებში 24 ახალი ავიამეთვალყურე ღია კონკურსის წესით აიყვანა და ჩეხეთის საავიაციო უნივერსიტეტში მოამზადა. დღეისათვის საქაერონავიგაციაში 120-ზე მეტი ლიცენზირებული ავიამეთვალყურე მუშაობს.

 

2017-2020

 

საწაფი

 

საქაერონავიგაციის თანამშრომლების მომზადება-გადამზადების უწყვეტ პროცესს დღეს სასწავლო ცენტრი ხელმძღვანელობს. 2017 წელს საქაერონავიგაციამ ახალი საწაფის მშენებლობა დაიწყო, სადაც საჰაერო მოძრაობის მართვის თანამედროვე 3D სიმულატორი დამონტაჟდა, რომელზეც ავიამეთვალყურეები გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას და კიდევ უფრო გაიღრმავებენ პროფესიონალიზმს.

 

ამბროლაურის აეროდრომი

 

საქაერონავიგაციამ ამბროლაურის აეროპორტში ახალი სამეთვალყურეო კოშკი და სანავიგაციო ოფისი ააშენა. პროექტი საქაერონავიგაციის თანამშრომლების მიერ შეიქმნა. ამბროლაურში დამონტაჟდა თანამედროვე მეტეოროლოგიური და სანავიგაციო სისტემები.

 

სარეზერვო სისტემა ქუთაისში

 

ICAO-ს რეკომენდაციების შესაბამისად, საქაერონავიგაციამ 2016 წლის ოქტომბერში ქუთაისში სარეზერვო სისტემა დაამონტაჟა. ეს კი კომპანიას აძლევს საშუალებას, თბილისის ძირითადი საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრთან კავშირის დაკარგის შემთხვევაში (სტიქიური უბედურების ან გაუთვალისწინებელი ვითარების დადგომის დროს), შეყოვნების გარეშე გააგრძელოს საჰაერო ხომალდების სააერნაოსნო მომსახურება.

 

ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა

 

2016 წელს დასრულდა ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა.

 

თავისუფალი მარშრუტები

 

2016 წელს შპს საქაერონავიგაციამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს საჰაერო სივრცეში თავისუფალი მარშრუტების დანერგვასთან დაკავშირებით. საქაერონავიგაციის საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის სპეციალისტების და ევროკონტროლის ექსპერტების თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა თავისუფალი მარშრუტების დანერგვის საპროექტო ვარიანტი, რომელიც 2017 წლის 1 ოქტომბრიდან, მათივე მხარდაჭერით ამოქმედდა.

 

გაზრდილი ტრეფიკი

 

ახალმა ტექნოლოგიებმა, დახვეწილმა პროცედურებმა და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან მზარდმა თანამშრომლობამ, კიდევ უფრო ეფექტიანი გახადა საჰაერო მოძრაობის მართვა. ეს აისახა კიდეც საჰაერო ნაკადების სტაბილურ ზრდაზე და გასულ 2017 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 13 % -ით გაიზარდა.

 

თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი

 

2018 წლის 18 მაისს თბილისში საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრი გაიხსნა. შენობა ევროპული სტანდარტებითაა აშენებული, მისი ჭერი, გათბობა/გაგრილების სისტემა, აკუსტიკა - საუკეთესოა რეგიონში.

ექსპლუატაციაში შევიდა საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი სისტემა, რომელიც შპს საქაერონავიგაციამ ესპანური კომპანია INDRA-სგან შეიძინა. თანამედროვე ცენტრის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. მშენებლობაზე 200 ადამიანი დასაქმდა. პროექტის საერთო ღირებულებამ ათეულობით მილიონი ლარი შეადგინა.

INDRA-ს ახალ სისტემას მესამე დამატებითი დაცვაც ექნება. ეს იქნება სისტემისგან დამოუკიდებელი რეზერვი, რომელიც სრულად გამორიცხავს ნებისმიერი მიზეზით სამუშაო პროცესის შეფერხებას.