საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბლოგი

რა არის  ADS-B სისტემა?

რა არის ADS-B სისტემა?

მარიამ მელქაძე
1

ADS-B სისტემა ახალი თაობის დაკვირვების სისტემაა, რომელიც თვითმფრინავის პოზიციას განსაზღვრავს სატელიტური ნავიგაციის საშუალებით და ციფრული მონაცემების სახით, ავტომატურად გადმოსცემს საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრს.

 

ADS-B სისტემა ახდენს ისეთი ინფორმაციის ტრანსლირებას, როგორიცაა: თვითმფრინავის იდენტიფიკაცია (საჰაერო ხომალდის საიდენტიფიკაციო ნომერი, უნიკალური ციფრული კოდი), კოორდინატები, სიმაღლე და სიჩქარე. ADS-B სისტემა აწვდის ავიამეთვალყურეებს რეალური დროის მონაცემებს, რომელებიც უმეტეს შემთხვევაში უფრო ზუსტია, ვიდრე მონაცემები, რომლებიც მიიღება სარადარო სისტემებით. მაგალითად: თუკი მეორადი რადიოლოკატორი ინფორმაციას 4 წამში ერთხელ ანახლებს, ADS-B სისტემის შემთხვევაში ინფორმაციის განახლება ყოველ 1 წამში ხდება. გარდა ამისა, ADS-B სისტემას მეორადი რადიოლოკატორისაგან განსხვავებით არ სჭირდება სიგნალი ხმელეთიდან.

 

ADS-B სისტემა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფრენების უსაფრთხოების დონეს. ამ თანამედროვე სისტემისგან მიღებული დაზუსტებული მონაცემების საშუალებით, საჰაერო მოძრაობის კონტროლი – თვითმფრინავების პოზიცირება და სეპარაცია – ხდება უფრო სწრაფად და ეფექტურად. ADS-B საშუალებას იძლევა მარტივად მოხდეს კონფლიქტის იდენტიფიცირება და თავიდან აცილება.

 

ADS-B სისტემებს გააჩნია შემდეგი დადებითი მხარეები:

  • სისტემის და ექსპლუატაციის დაბალი ღირებულება;
  • მინიმალური ინფრასტრუქტურა;
  • გამოიყენება როგორც საჰაერო ხომალდებისთვის, ასევე სხვა მოძრავ საშუალებებზე;
  • ინფორმაციის განახლების მაღალი სიხშირე (1 წამი);
  • დაბალი შეყოვნება;
  • მაღალი სიზუსტე;

 

მეორადი რადიოლოკატორების (MSSR ან Mode S) და ADS-B სისტემების ერთობლივ გამოყენებას გააჩნია სხვა ბევრი დადებითი მხარე.

აღსანიშნია ისიც, რომ ADS-B სისტემების გამოყენება მიზანშეწონილია საქართველოს ტერიტორიის რთული რელიეფის და რეგიონული განვითარების გათვალისწინებით.

საქაერონავიგაციამ ფრენების უსაფრთოხების ზრდის და რადიოლოკაციური ქსელის გაფართოების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე დაენერგა ADS-B სისტემები, რაც 2014-2018 წლებში განხორციელდა. აღნიშნული სისტემის დანერგვის საჭიროება მით უფრო მაშინ გახდა დადგა, რაც საქართველო EUROCONTROL-ის წევრი ქვეყანა გახდა და საჰაერო სივრცის დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამჟამად მიმდინარეობს ჩეხური კომპანია „ERA”-ს მიერ წარმოებული 4 ერთეული ADS-B სისტემის ექსპლუატაციაში მიღების და აღიარების პროცედურები, რის შემდეგაც საქართველოს საჰაერო სივრცე გადაფარული იქნება 7 ADS-B სადგურით.

 

აღნიშნული ტექნიკური საშუალებების კომპლექსი სრულ შესაბამისობაშია საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ ავტომატიზირებულ სისტემასთან (INDRA). ასევე სისტემის დანერგვა მკვეთრად აამაღლებს ფრენების უსაფრთხოებას და მთელი საქართველოს საჰაერო სივრცის რადიოლოკაციური ინფორმაციით გადაფარვას.