საქაერონავიგაციამ მადრიდის World ATM Congress 2015-ში მიიღო მონაწილეობა

საქაერონავიგაციის დელეგაციამ მადრიდში, საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესში (World ATM Congress 2015) მიიღო მონაწილეობა.

კონგრესის პარალელურად, შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა,  გოჩა მეზვრიშვილმა მომავალ თანამშრომლობაზე ევროპის წამყვანი სახელმწიფოების საჰაერო მოძრაობის პროვაიდერებთან სამი ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო აქტიურად ჩაერთვება “ერთიანი ევროპული ცის” კონცეფციის შემუშავებასა და განხორციელებაში,  რაც მნიშვნელოვანია როგორც კომპანიის,  ასევე ქვეყნის ღირსეული წარმოჩინებისთვის მსოფლიო ასპარეზზე. კონგრესის ფარგლებში ქართული დელეგაცია საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL)  გენერალურ დირექტორს, ფრენკ ბრენერს შეხვდა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქაერონავიგაციის მზაობა ავიაკომპანიებისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევის საქმეში. ამასთან ერთად,  საქაერონავიგაციის ადმინისტრაციამ შეხვედრები გამართა საჰაერო მოძრაობის მართვისა და სანავიგაციო სისტემების ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიების წარმომადგენლებთან.  

მადრიდის საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ყოველწლიური კონგრესი-გამოფენა უდიდესია მსოფლიოში.  World ATM Madrid კონგრესი საჰაერო მოძრაობის კონტროლის ასოციაციის (ATACA) და სამოქალაქო საჰაერო ნავიგაციის (CANSO) ორგანიზებით იმართება. კონგრესზე საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების მწარმოებელი კომპანიები და საერთაშორისო  ორგანიზაციები იღებენ მონაწილეობას. საჰაერო მოძრაობის მართვის პროვაიდერები მსოფლიოს მასშტაბით სწორედ მადრიდში ეცნობიან ყველა იმ ტექნოლოგიურ სიახლეს, რასაც მათ სისტემების მწარმოებელი კომპანიები ყოველწლიურად სთავაზობენ. კონგრესის ფარგლებში იმართება გამოფენები,  კონფერენციები,  ვორქშოპები,  შეხვედრები და სხვა აქტივობები.

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon