შპს “საქაერონავიგაციასა” და ჩეხეთის საჰაერო მოძრაობის სერვისის პროვაიდერს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა

9 მარტს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს  “საქაერონავიგაციის”  გენერალურმა დირექტორმა, გოჩა მეზვრიშვილმა ჩეხეთის საჰაერო მოძრაობის სერვისის პროვაიდერთან (Air Navigation Service of Czech Republic) ხელშეკრულება გააფორმა, რაც კომპანიის კუთვნილი რადიოტექნიკური და შუქტექნიკური საშუალებების, საჰაერო მარშრუტზე სარადარო გადაფარვისა და სახელსაწყო ფრენების პროცედურების საფრენოსნო შემოწმებას ითვალისწინებს.  საფრენოსნო შემოწმების წესები და სტანდარტები, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერაა დადგენილი.

“ჩვენი კომპანია საფრენოსნო შემოწმებას წელიწადში 2-ჯერ ატარებს. აღნიშნული პროცედურა გულისხმობს, მთელი საქართველოს შემოფრენას სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავით, რომელიც აგროვებს მონაცემებს საქართველოში არსებული ყველა სანავიგაციო ტექნიკური საშუალების მუშაობის შესახებ. ჩეხური მხარე შემოწმებას 2016 წლის მარტში განახორციელებს. პარალელურად, შემოწმდება საჰაერო მარშრუტზე სარადარო გადაფარვისა და სახელსაწყო ფრენების პროცედურებიც. ჩეხური კომპანია Air Navigation Service of Czech Republic-ის საფრენოსნო შემოწმება შპს „საქაერონავიგაციას” მისცემს შესაძლებლობას, აღმოაჩინოს ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზი და ამით შეინარჩუნოს ფრენების უსაფრთხოების მაღალი დონე საქართველოს საჰაერო სივრცეში”, -განაცხადა შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

 

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon