საქაერონავიგაცია

საქაერონავიგაცია და საავიაციო კრიზისი

საქაერონავიგაცია და საავიაციო კრიზისი

მარიამ მელქაძე
1

2020 წელს კორონავირუსის გლობალურმა პანდემიამ საავიაციო სექტორს უდიდესი დარტყმა მიაყენა და თავისი არსებობის მანძილზე ყველაზე დიდი კრიზისი შეუქმნა. COVID-19 -მა 85%- ით შეამცირა საავიაციო ინდუსტრიის ფუნქციონირება. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მონაცემებით, 2020 წელს ავიაციის ზარალმა 360 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა და საჰაერო მიმოსვლით, 2019 წელთან შედარებით, 2 მილიარდ 600 მილიონით ნაკლებმა მგზავრმა ისარგებლა. ეს უზარმაზარი დანაკლისი, ბუნებრივია საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერ კომპანიებზეც აისახა.

საქართველოს აეროპორტებში და საჰაერო სივრცეში, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, გადაფრენები 43%-ით, აფრენა-დაფრენა 71.3%-ით, ხოლო ფრენების ჯამური რაოდენობა 52,6% -ით შემცირდა. ფრენების შემცირებასთან ერთად, შემცირდა კომპანიის ფინანსური შემოსავალიც, რის გამოც საქაერონავიგაციას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გადასალახად და ლიკვიდური სახსრების გასაზრდელად, დამატებითი თანხების მოძიება დაჭირდა.

პანდემიამდე არსებულ ნიშნულზე დასაბრუნებლად, ავიაციის სექტორს და მათ შორის საქაერონავიგაციას, დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება, თუმცა, კრიზისის მიუხედავად, კომპანიაში ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არცერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა და დაგეგმილ ვადებში მიმდინარეობს.

2021 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“ ავიაციის სააგენტოსთან კოორდინაციით წარმატებით დაასრულა კომპანიის ხელახალი სერტიფიცირება. ახალი სერტიფიკატი საქაერონავიგაციას მიმდინარე წლის 2 მარტს გადაეცა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ადასტურებს, რომ შპს „საქაერონავიგაცია“ წარმოადგენს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს და უფლებამოსილია მომსახურება გასწიოს საქართველოს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის ფარგლებში და თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მესტიის და ამბროლაურის სამოქალაქო აეროდრომებზე.

 

ახალი სერტიფიკატის თანახმად, საქაერონავიგაციის მომსახურების სფეროებია:

• საჰაერო მოძრაობის ორგანიზება (საჰაერო მოძრაობის მომსახურება, საჰაერო სივრცის ორგანიზება და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება);

• საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურება;

• საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურება;

• ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება;

• ფრენის პროცედურების დიზაინი;

• საავიაციო რუკების შედგენა.

სერტიფიცირება განხორციელდა ევროპული რეგულაციით (373/2017 Commission Implementing Regulation (EU) No 2017/373 of 1 March 2017 laying down common requirements for providers of air traffic management/air navigation services and other air traffic management network functions and their oversight) გათვალისწინებული მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილების მიზნით, რაც თავის მხრივ ზრდის საქართველოს სააერნაოსნო მომსახურების უსაფრთხოებას და ეფექტურობას.

პანდემიის პირობებში საქაერონავიგაციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელსაწყო დაფრენის ახალი სისტემა (ILS 31L) დაამონტაჟა. აღნიშნული პროექტი უსაფრთხო ფრენების განსახორციელებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. სახელსაწყო დაფრენის სისტემა (ILS) თვითმფრინავის “გზამკვლევია” და უზრუნველყოფს ავტომატურ რეჟიმში საჰაერო ხომალდის უსაფრთხო და ზუსტი დაფრენის შესაძლებლობას. განახლებულმა სისტემამ საქაერონავიგაციას მისცა საშუალება, კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოს მომფრენი თუ გამფრენი საჰაერო ხომადების უსაფრთხო ოპერირება რთული მეტეო პირობების, მათ შორის დაბალი ხილვადობის დროს.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ქვეყნები ინდივიდუალურად იღებენ საჰაერო მიმოსვლის სრულად აღდგენის გადაწყვეტილებებს და არ არსებობს ჰარმონიზებული მიდგომა საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით, რაც გარკვეულწილად აფერხებს საავიაციო მიმოსვლის აღდგენას იმ ტემპებით, რასაც საავიაციო სექტორი ისურვებდა და გლობალური კრიზისის უფრო სწრაფად დაძლევის შესაძლებლობას მისცემდა. საავიაციო სექტორის აღდგენის კვალდაკვალ, საქაერონავიგაცია იმედოვნებს, რომ ეტაპობრივად შეძლებს ოპერირების ჩვეულ პროცესზე გადასვლას და ყველა იმ პროექტის სრულად განხორციელებას, რაც კომპანიას უახლოეს მომავალში აქვს დაგეგმილი.