ბლოგი

1993 წელს ევროპაში საავიაციო ბაზრის ლიბერალიზაციამ მოსახლეობისთვის ფრენა უფრო ხელმისაწვდომი გახადა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა საჰაერო მიმოსვლა.

ევროპის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის შეზღუდვამ გადადებული ფრენების რაოდენობის ზრდა გამოიწვია. ამის მიზეზი, ასევე, საჰაერო მიმოსვლის მართვის ფრაგმენტულობა და არაეფექტურობა გახდა. საჰაერო სივრცის ეროვნული საზღვრების მიხედვით დაყოფის გამო, ხშირად, პირდაპირი მარშრუტის განხორციელება ვერ ხერხდებოდა, რაც უშუალო კავშირშია საწვავის დაზოგვასთან, ხარჯების შემცირებასა და ეკოლოგიურ ფაქტორებთან.

ევროკავშირის საჰაერო სივრცეში 30 საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერია, მაშინ, როცა ა.შ.შ-ში, რომელსაც დაახლოებით იმავე ზომის საჰაერო სივრცე გააჩნია – მხოლოდ ერთი. ამიტომაა, რომ ერთი და იმავე დანახარჯით, შტატები ემსახურება ორჯერ მეტ ფრენას ვიდრე ევროპა.

რა არის „ერთიანი ევროპული ცა“ (SES)?

„ერთიანი ევროპული ცა“ ევროკომისიის ამბიციური ინიციატივაა. ეს არის ერთიანი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ითვალისწინებს საზღვრების რღვევას საჰაერო სივრცეში. SES–ის მიზანია, ევროპული საჰაერო სივრცის სტრუქტურის არქიტექტურის ცვლილების მეშვეობით, საჰაერო მიმოსვლის გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების საჭიროებების დაკმაყოფილება მომავალში.

ამ კონცეფციის მიხედვით, ევროპის საჰაერო მიმოსვლის მართვისა და სანავიგაციო მომსახურების გაუმჯობესება:

  • გაზრდის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას და შეამცირებს გადადებული ფრენების რაოდენობას.
  • აამაღლებს უსაფრთხოების დონეს, მომავალი გამოწვევების შესაბამისად. 10 %-ით შეამცირებს საჰაერო მიმოსვლის ზემოქმედებას გარემოზე.
  • დაზოგავს სანავიგაციო მომსახურების საზღაურებს საჰაერო სივრცის მომხმარებელთათვის 50%-ით.

„ერთიანი ევროპული ცა“ ორი ძირითადი საკანონმდებლო პაკეტისა (SES I და SES II) და მთელი რიგი დანართებისაგან შედგება.

SES I საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას ეხება. გარკვეული წარმატების მიუხედავად, პირველმა პაკეტმა შესაბამისი დონის ცვლილებების განხორციელება ვერ შეძლო. ამიტომ, 2009 წელს კომისიამ მეორე საკანონმდებლო პაკეტი SES II შეიმუშავა, რომელიც შესრულების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გახლავთ. რეგულაცია ამომწურავია და შემდეგი საკითხებისაგან შედგება:

შესრულების სქემა

შესრულების სქემა ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, რომ შეიმუშაონ ეროვნული ან ფუნქციური ბლოკის შესრულების გეგმა მითითებულ დროში (2012-2014 წლამდე). ევროკომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ტარიფებთან, გამტარუნარიანობასა და გარემოსთან დაკავშირებული საკითხებს.

საჰაერო სივრცის ფუნქციური ბლოკები (FABs)

ფუნქციური ბლოკების (FABs) ინიციატივა მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის დაყოფას ბლოკებად, რომლებიც მოწყობილია უფრო მეტად საჰაერო მოძრაობის ნაკადების, ვიდრე ეროვნული საზღვრების მიხედვით.

საჰაერო სივრცის ფუნქციური ბლოკები 2012 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა. ის ძირითადი ინსტიტუციური მანქანაა იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც შესრულების სქემის მიხედვითაა დაგეგმილი. 

ქსელის მენეჯერი

ევროკომისიის დებულებების მიხედვით, ქსელის მენეჯერი კოორდინირებს ევროპული სამარშრუტო ქსელის დაგეგმვას, საჰაერო მიმოსვლის მართვას, შეზღუდული რესურსების მართვას, საჰაერო ნაკადების კონტროლს, კოორდინაციასა და განაწილებას. ქსელის მენეჯერის ცენტრალიზებული ფუნქციების შესრულება 2019 წლამდე EUROCONTROL-ს ევალება.

გადასახდელების რეგულაცია

გადასახდელების რეგულაცია წარმოადგენს საკანონმდებლო ბაზას, რომელიც უზრუნველყოფს წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი მარშრუტის გადასახდელების და ტარიფების ანგარიშების გამჭვირვალობას. 

 

რას წარმოადგენს ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მიმოსვლის მართვის კვლევის პროგრამა (SESAR)?

ერთიანი ევროპული ცის ტექნოლოგიურ მხარდაჭერას SESAR (ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მიმოსვლის მართვის კვლევის პროგრამა) ახორციელებს. მისი მისია ტექნიკური საკითხების გადაჭრის უზრუნველყოფა გახლავთ. SESAR-ის დამფუძნებლები ევროკომისია და ევროკონტროლი არიან. 2008 წელს პროგრამის დეფინიციის ფაზა დასრულდა და ის განვითარების ეტაპზე გადავიდა.  დღეისათვის ერთიანი ევროპული ცა ავიაციის მთავარი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე ბევრი რამ უკვე მიღწეულია, თუმცა მისი შენების პროცესი კვლავ გრძელდება. ერთიანი ევროპული ცა ერთადერთი გზაა, რომ ევროპაში მაღალი დონის, უსაფრთხო და ეფექტური საჰაერო მიმოსვლის მართვა განხორციელდეს.