საავიაციო სამართლის მოკლე ისტორიული მიმოხილვა
პირველი მსოფლიო ომის შედეგებმა, დღის წესრიგში დააყენა იმის საჭიროება, რომ დარეგულირებულიყო და მოწესრიგებულიყო საჰაერო სივრცე სახელწიფოებს შორის, შემდგარიყო რიგი შეთანხმებები და გაწერილიყო პროცედურები ახალ სტანდარტებზე, გახსნილიყო ახალი საზღვრები, რითაც ერთის მხრივ, სახელმწიფოები იღებდნენ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ფრენების უსაფრთხოებაზე, ხოლო ავიაკომპანიები კი თავის მხრივ პასუხისმგებლები იქნებოდნენ დაეგეგმათ უსაფრთხო, ეკონომიური და ეფექტიანი მარშუტი.
სწორედ ამ საჭიროებებიდან გამომდინარე ჩაეყარა საფუძველი საავიაციო სამართალს, რის შედეგადაც შეიძლება გამოიყოს 3 კონვენცია, ესენია:
- პარიზის კონვენცია 1919
- ჰავანას კონვენცია 1928
- ჩიკაგოს კონვენცია 1944
ზოგადი პრინციპებიდან რომ გამოვიდეთ, სამივე კონვენცია ემსახურებოდა საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას, ფრენის ზოგად წესებს და სახელმწიფოების უფლება-მოვალებებს სხვა სახელმწიფოს საჰაერო სივრცით სარგებლობისას.
დავიწყოთ ქრონოლოგიის მიხედვით და მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი.
პარიზის კონვენცია 1919
1910 წელს, საფრანგეთში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია იმ მიზნით, რომ დაედგინათ და დაეწესებინათ საჰაერო ნავიგაციის სტანდარტების მიდგომები და წესები. ამ კონფერენციას არ მოჰყოლია შედეგად კონვენცია, რადგან გაჩნდა რიგი დაბრკოლებები უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდის ფრენის უფლებასთან დაკავშირებით და ზემოაღნიშნული და მასთან დაკავშირებული დისკუსიები საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, პირველმა მსოფლიო ომმა დაასრულა.
1919 წელს პარიზში შეიკრიბნენ პირველი მსოფლიო ომის გამარჯვებული ქვეყნები, რომელთა მიზანი იყო, მსოფლიო მასშტაბით, საჰაერო ტრანსპორტის კონტროლისა და განვითარების საერთაშორისო ქარტიის ჩამოყალიბება.
1919 წლის 13 ოქტომბერს, ხელი მოეწერა პირველ საერთაშორისო საავიაციო კონვენციას, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იგი ძალაში შევიდა 1922 წელს, პარიზის კონვენციით სახელით. კონვენციამ საფუძველი ჩაუყარა და ჩამოაყალიბა შემდეგი ინსტიტუტები და სტანდარტები:
- საჰაერო ნავიაგაციის საერთაშორისო კომისია (ICAN-International Commission for Air Navigation)
- მან შეზღუდა სამხედრო საჰაერო ხომალდების მოძრაობა;
- ჩამოაყალიბა საჰაერო სუვერენიტეტის პრინციპები და სტანდარტები;
- დაადგინა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ფრენის წესები;
- დაადგინა ძირითადი წესები საჰაერო ხომალდის ვარგისიანობზე და პილოტის ლიცენზიის გაცემაზე;
- განსაზღვრა საჰაერო ნავიგაციის წესები და დაარსა საერთაშორისო საჰაერო გზები.
ჰავანას კონვენცია 1928
ვინაიდან პარიზის კონვენციას შეუერთდა 14 სახელმწიფო და მათ რიგებში არ იყო ამერიკის შეერთებული შტატები, ერთა ლიგასთან კავშირის არქონის გამო, საჭიროებამ მოითხოვა მორიგი საერთაშორისო კონფერენციის გამართვა რომლის მონაწილეც იქნებოდა არამხოლოდ ამერიკა, არამედ სხვა სახელმწიფოებიც.
1928 წლის 16 იანვარს კუბაში გაიხსნა კონფერენცია, რომელიც იმავე წლის 20 თებერვალს დასრულდა და რომელმაც დაადგინა შემდეგი პრინციპები:
- საერთაშორისო და ადგილობრივი საჰაერო ხომალდის თანასწორობა;
- საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია მათივე სახელმწიფოს სამართლის მიხედვით;
- ერთი სახელმწიფოდან აფრენის და სხვა სახელმწიფოში ფრენის გაგრძელების უფლების აღიარება;
- საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებების და ვალდებულებების დადგენა.
პან-ამერიკულ შეთანხმებას, რომელიც ისტორიაში მოიხსენიება, როგორც ჰავანას კონვენცია ხელი 21-მა სახელმწიფომ მოაწერა. საბოლოოდ 11-მა მათგანმა მოახდინა მისი რატიფიცირება და როგორც პარიზის, ისე ჰავანას კონვენციები, საბოლოოდ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციით ჩანაცვლდა.
ჩიკაგოს კონვენცია 1944
ხარვეზებმა, რომელიც დროდადრო გამოაშკარავდა პარიზის და ჰავანას კონვენციებიდან გამომდინარე და აგრეთვე ფრენების საგრძნობლად გაზრდამ, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებთან კომუნიკაციას შეუძლებელს ხდიდა შეთანხმებების გარეშე, დღის წესრიგში დააყენა მორიგი კონფერენციის ჩატერების საკითხი, იმ მიზნით, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული მოწესრიგებულიყო და დადებულიყო ახალი მრავლისმომცვლელი შეთანხმება.
1944 წელს ამერიკაში კერძოდ კი ილინოისის შტატში ქალაქ ჩიკაგოში, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ერქვა სამოქალაქო ავიაციის (კონვენცია) კონფერენცია, ხოლო მოგვიანებით მას, 1944 წლის 7 დეკემბრის, ჩიკაგოს კონვენცია ეწოდა.
მთავარი მიზანი ჩიკაგოს კონვენციისა იყო ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, როგორც ზეცაში ისე მიწაზე, ძირითადი საკითხები კი მოიცავდა შემდეგ ასპექტებს:
- სხვა სახელმწიფოების საჰაერო სუვერენიტეტს;
- პარიზის და ჰავანას კონვენციების ჩანაცვლებას;
- ICAN –ის ICAO_თი ჩანაცვლებას;
- ზოგადი წესების დადგენას საჰაერო მიმისვლის თავისუფლებაზე; (Freedoms of the air)
- სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დადგენა ტექნიკური სტანდარტებთან ერთად (SARPS – PANS).
დოკუმენტს ხელი მოაწერა 52-მა სახელმწიფომ, საიდანაც მან მიიღო აუცილებელი 26 რატიფიკაცია 1947 წლის 5 მარტს და ძალაში შევიდა 1947 წლის 4 აპრილს, იმავე თარიღით, როდესაც ICAO (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიცაზაცია) შეიქმნა. იმავე წლის ოქტომბერში, ICAO გახდა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სპეციალიზებული სააგენტო. ჩიკაგოს კონვენცია მას შემდეგ რვაჯერ იქნა გადასინჯული და მასში ბოლო ცვლილება 2006-2007 წელს განხორციელდა.