ბლოგი

თავისუფალი მიმოსვლის და „ღია ცის“ შეთანხმება

თავისუფალი მიმოსვლის და „ღია ცის“ შეთანხმება

გიორგი ხარაიშვილი
1

საერთაშორისო საავიაციო კომპანიები და მათ შორის ავიაკომპანიები, უმეტესწილად მოქმედებდენ იმით, რაც პირდაპირ იყო გაწერილი კანონში, მათ პრინციპი ეფუძნებოდა ე.წ „numerous clausus”-ის პრინციპს, ანუ როგორც იტყვიან „იმოქმედე მხოლოდ კანონით დადგენილი პრინციპებით და არ შეცვალო მათი შინაარსი“. ცხადია ქვეყნებს შორის ურთიერთობა მხოლოდ კანონით დადგენილი წესით წარმოუდგენელი იყო და რიგ ბარიერებს ქმნიდა, სწორედ ზემოხსენებულის გამოძახილი იყო ჩიკაგოს 1944 წლის კონფერენცია, სადაც გაჟღერდა იდეა თავისუფალი საჰაერო მიმოსლის შესახებ ე.წ “Freedoms of the air” რომლის მიზანიც უმეტესწილად კომერციული ხასიათის იყო.

„თავისუფალი მიმოსვლის შეთანხმება“ თავისთავში მოიცავს სხვადასხვა საჰაერო მიმოსვლის უფლებებს და ვალდებულებებს სახელმწიფოებს შორის. ჩიკაგოში გამართულ კონფერენციაზე გაჟღერდა ორ ძირითად შეთანხმებაზე მუშაობის სურვილი, პირველი ეს იყო „საერთაშორისო საჰაერო სერვისების ტრანზიტული მოძრაობის“ შეთანხმება და მეორე ეს იყო „საერთაშორისო სატრანსპორტო შეთანხმება“. ამ უკანასკნელ პროცესებზე მიღწეული შეთანხმების დასრულების შემდგომ დამკვიდრდა თავისუფალი მიმოსვლის 9 წესი, რომელთაგანაც პირველი 5 წესი სავალდებულო ხასიათის იყო, ხოლო დანარჩენი 4 კი ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებების საგანს წარმოადგენდა. მაგალითად, შეთანხმების პირველი და მეორე წესი ადგენდა რეგულირების ტექნიკურ ნაწილს - „ტრანზიტული ქვეყნები გარანტიას იძლევიან უზრუნველყონ თავისუფალი მიმოსვლა“; შეთანხმების მესამე მეოთხე და მეხუთე წესი ადგენდა ქვეყნების კომერციულ ინტერესებს - „გარკვეული დეტალები ქვეყნებს შორის დამატებით უნდა შეთანხმდეს“; რაც შეეხება წესის მეექვსე მეშვიდე მერვე და მეცხრე ნაწილებს, მათ „ეგრეთ წოდებულ წესებს“ უწოდებენ მათი არავასავალდებულო ხასიათიდან გამომდინარე, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენენ ოფიციალურად რაიმე შეთანხმების ნაწილს, მათი არსებობა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოთა შორის მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას იძლევა.

ვინაიდან ზემოაღნიშნული შეთანხმებები უფრო კომერციულ ასპექტებს მოიცავდა, გაჩნდა იდეა, რომ ეს ყველაფერი სამხედრო კუთხითაც დახვეწილიყო და სწორედაც, რომ 1955 წელს ჟენევის სამიტზე გაჟღერდა მორიგი ინიციატივა „ღია ცის გეგმის“ შესახებ, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს დუაიტ (დევიდ) ეიზენჰაუერს (ამავდროულად ამერიკის არმიის გენერალი) ეკუთვნის. ამერიკის პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს, გაეცვალათ რუკები, სადაც მითითებული იყო თითოეული სამხედრო ინსტალაციის ზუსტი ადგილმდებარეობა. რუკების გაცვლით, თითოეულ ერს მიეცემოდა უფლება, განეხორციელებინა ინსტალაციების საჰაერო მეთვალყურეობა, რათა დარწმუნებულიყო თითოეული მათგანი, რომ სხვა ქვეყნები ასრულებენ შეიარაღების კონტროლის ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც შეიძლება მიღწეულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებმა და ბრიტანელებმა გამოხატეს ინტერესი ამ იდეის გარშემო, საბჭოთა კავშირმა უარყო ასეთი გეგმა და მას „ჯაშუშური შეთქმულება“ უწოდა.

„ღია ცის შეთანხმებამ“ მისი აქტუალურობა გასული საუკუნის 90-იან წლებში კვლავ ჰპოვა, ჯორჯ (ჰერბერტ უოკერ) ბუშმა ამერიკის 41-ე პრეზიდენტმა, 1989 წელს წარმოადგინა ათწლეულების წინ გაჟღერებული იდეის დახვეწილი ვარიანტი, თუმცა იდეიამ განვითარება 1992 წელს ჰპოვა, რისი მიზეზიც საბჭოთა კავშირის დაშლა გახლდათ. 1992 წელს ფინეთში, კერძოდ კი ქალაქ ჰელსინკში 34-მა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი ჩართულიყო ღია ცის შეთანხმებაში, მათ რიგებში საქართველოც გახლდათ.

„ღია ცის“ შეთანხმება ძალაში 2002 წელს შევიდა და იგი გულისხმობდა საჰაერო სივრცის საერთაშორისო სამართლებრივ რეჟიმის აღიარებას წევრი ქვეყნებისათვის. ასევე, იგი აწესებდა შეუარაღებელი სადამკვირვებლო ფრენების რეჟიმს, იგი ზუსტად განსაზღვრავდა ფრენების კვოტებს, სხვადასხვა სახელმწიფოსთვის სხვადასხვა რაოდენობის მიხედვით. ღია ცის შეთანხმება შესაძლებელია მივიჩნიოთ ერთ-ერთი ყველაზე ფართო მასშტაბის საერთაშორისო ძალისხმევად, რომელიც ხელს უწყობს სამხედრო ძალებისა და აქტივობების ღიაობასა და გამჭვირვალობას. მიუხედავად მისი მასშტაბისა და მოქნილობისა, 2020 წლის 22 მაისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეტყობინება გაუგზავნა წევრ ქვეყნებს შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ, ხოლო მიზეზად რუსეთის მიერ ხელშეკრულების არაერთხელ დარღვევა მოიხსენია, მათ შორის იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენებისთვის შემზღუდავი ზოლის დაწესება, ასევე რუსეთის მიერ დისტანციის დაწესება კალინგრადის ოლქთან და აშშ და კანადისთვის 2019 წელსმოთხოვნილ სადამკვირვებლო ფრენებზე არაერთი უარი.

აშშ-ს საპასუხოდ რუსეთმა 2021 წლის იანვარში განაცხადა რომ აშშ-ს ბრალდებები უსაფუძვლოა და პირიქით დაადანაშაულა ამერიკა რიგ დარღვევებში. საბოლოოდ კი 2021 წლის 7 ივნისს რუსეთში მიიღებულ იქნა კანონი, რომლითაც ჩამოყალიბებული იყო რუსეთის მიერ „ღია ცის შეთანხმების" დატოვება.