მსოფლიო ავიაცია

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე

მარიამ მელქაძე
1

7 დეკემბერი, როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ 1996 წელს გამოცხადდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად აღინიშნება, რათა მსოფლიომ მეტი გაიგოს სამოქალაქო ავიაციის სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ კაცობრიობისთვის. ასევე, ეს დღე ხაზს უსვამს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) უნიკალურ როლს ავიაციის სფეროს უსაფრთხოებისა და განვითარების საქმეში.

ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს, ICAO-ს საბჭო გამოსცემს სპეციალურ საიუბილეო თემას. საბჭოს გადაწყვეტილებით, წლევანდელი თემა, რომელიც 2023 წლამდე შენარჩუნდება არის: “მოწინავე ტექნოლოგიები გლობალური ავიაციის განვითარებისთვის“.

საქაერონავიგაცია იზიარებს პარტნიორი ორგანიზაციის თემას და კომპანიის საქმიანობაში, მომდევნო წლების მთავარ პრიორიტეტად, კვლავაც, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა რჩება, მით უფრო, ახლა, კრიზისის შემდეგ, როდესაც სამოქალაქო ავიაცია ეტაპობრივად უბრუნდება პანდემიამდე არსებულ ნიშნულს, მნიშვნელოვანია დაინერგოს საჰაერო მოძრაობის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის ზრდისა და ფრენების მაღალი დონის შენარჩუნების მიზნით.

კორონავირუსის გლობალურმა პანდემიამ საავიაციო სექტორს უდიდესი დარტყმა მიაყენა და თავისი არსებობის მანძილზე ყველაზე დიდი კრიზისი შეუქმნა. COVID-19 -მა 85%- ით შეამცირა საავიაციო ინდუსტრიის ფუნქციონირება. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მონაცემებით, 2020 წელს ავიაციის ზარალმა 360 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა და საჰაერო მიმოსვლით, 2019 წელთან შედარებით, 2 მილიარდ 600 მილიონით ნაკლებმა მგზავრმა ისარგებლა. ეს უზარმაზარი დანაკლისი, ბუნებრივია საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერ კომპანიებზეც აისახა.

თუმცა, კრიზისის მიუხედავად, საქაერონავიგაციაში ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არცერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა და დაგეგმილ ვადებში მიმდინარეობს.