საჰაერო მოძრაობის მართვა

ტრეინინგი პროფესიონალიზმისათვის – პროფესიონალიზმი უსაფრთხოებისათვის

ტრეინინგი პროფესიონალიზმისათვის – პროფესიონალიზმი უსაფრთხოებისათვის

მარიამ მელქაძე
1

მიუხედავად იმისა, რომ პილოტისა და ავიამეთვალყურის ფუნქციები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, მათ ერთი მთავარი მისია აერთიანებთ – ეს არის უსაფრთხოება. მეტიც, ავიაციის სფეროში მომუშავე ნებისმიერი თანამშრომლისათვის, აეროპორტების თანამშრომლებისათვის და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებისათვის ფრენის უსაფრთხოება კვლავ და კვლავ უმთავრესი პრიორიტეტია. უსაფრთხოებას კი უმაღლესი ტექნოლოგიები და პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმი განაპირობებს. პროფესიონალიზმი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული: პიროვნული თვისებები, ცოდნა, გამოცდილება. ამ პოსტში სწორედ ავიამეთვალყურეთა გამოცდილებაზე – პრაქტიკულ ტრეინინგზე, გვექნება საუბარი.

პილოტები და მეთვალყურეები მუდმივ წვრთნას გადიან იმისათვის, რომ მოულოდნელი სტრესული სიტუაცია, სადაც უსწრაფესი მოქმედებაა საჭირო, მათთვის სულაც არ აღმოჩნდეს უცხო, დამაბნეველი და საბოლოოდ დამღუპველი. ანუ „მოულოდნელი“ მათთვის „მოსალოდნელად“ იყოს აღქმული. ეს კი, დამეთანხმებით არც ისე ადვილია. ხშირად, თეორიული მასალა, არსებული შემთხვევების განხილვა, პრეზენტაციები და მოკლემეტრაჟიანი სასწავლო ფილმები არაა საკმარისი ავიამეთვალყურის პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის.

ეს დაახლოებით იგივეა, რომ მიიღო მონაწილეობა ავტორბოლაში და ავტომობილის თუნდაც სრულყოფილი, მაგრამ მხოლოდ თეორიული ცოდნა გქონდეს. წარმოიდგინეთ მეთვალყურე, რომელიც რეალურ სტრესულ სიტუაციაში წიგნებში იწყებს ძებნას როგორ მოიქცეს ან ლექციაზე განხილულ შემთხვევას იხსენებს. თეორიული ცოდნით ავიადისპეჩერი ისწავლის რა უნდა მოიმოქმედოს ამა თუ იმ დროს, მაგალითად, ვის უნდა დაურეკოს ძრავში ფრინველის გაჭედვის შემთხვევაში, რა ზომებს უნდა მიმართოს თუკი ძრავს ცეცხლი გაუჩნდება და ა.შ. მაგრამ რეალურ სტრესულ სიტუაცია პრაქტიკული გამოცდილების გარეშე, სავარაუდოდ მისთვის მაინც მოულოდნელი და დამაბნეველი აღმოჩნდება.

სწორედ ამიტომ, ავიამეთვალყურეებისათვის უმნიშვნელოვანესია პრაქტიკული სწავლება, ანუ ტრეინინგი სიმულატორზე. ამ შემთხვევაში, ისინი, ხელოვნურად შექმნილ სიტუაციაში მუშაობენ, სიმულირებულ რადართან და საკუთარ თავზე გამოცდიან ყველა სტრესულ სიტუაციას, რომლის წინაშეც რეალურად შეიძლება აღმოჩდნენ.

ავიამეთვალყურეთა საბაზისო სწავლება, მათი რეგულარული გადამზადება და საბოლოო ჯამში პროფესიონალზმის ზრდა, კვლავაც რჩება საქაერონავიგაციის პრიორიტეტი.